ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიოპოლიმერები, ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“ გაიმართა. კონფერენციის მიზანი ბიოპოლიმერების სინთეზისა და გამოყენების მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზეკვლევის შედეგების წარმოდგენა, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების სიახლეების გაცვლა და საერთაშორისო მასშტაბით თანამშრომლობის გაღრმავება გახლდათ. მისი ორგანიზატორები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლდნენ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა: პოლონეთიდან (პოზნანი, გდანსკი), ყაზახეთიდან (ალმატი), მექსიკიდან (მეხიკო), უკრაინიდან (ლვოვი) წარმოადგინეს სამეცნიერო ნაშრომები თანამედროვე ბიოორგანული ქიმიის მიღწევებზე; ბიოტექნოლოგიის მიმართულებით ჩატარებულ კვლევებზე; ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზსა და გარდაქმნებზე; მცირენარჩენიან, მაღალპროდუქტიულ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე; ბიომასალებზე და ბიონანომასალებზე; ბუნებრივი წარმოშობის ბიოდეგრადირებად პოლიმერებზე; სასურსათო და გარემოს დაცვით საკითხებზე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სან-დიეგოს უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერები, მაგისტრანტები, დოქტორანტები, პროფესორები; ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის, პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის, ბათუმის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის, რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრები.